აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 14 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით.

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები:

2011 წელს გარკვეული ცვლილებებია სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესში. შემდეგ

მიმართულებებზე მხოლოდ 100 პრონცენტიანი დაფინანსება გაიცემა:

  • • სამართალი;
  • • ჯანდაცვა;
  • • ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა;
  • • მასობრივი კომუნიკაცია, ჟურნალისტიკა;
  • • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • • საჯარო მმართველობა.

 2011 წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია ინტერნეტით (online) გაიარონ და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არაერთხელ შეცვალონ საკუთარი არჩევანი! გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი გაცილებით დაცულია უნებური (მექანიკური) შეცდომებისაგან.

 აბიტურიენტი სარეგისტრაციო განცხადებაში უთითებს მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის კოდს. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტმა ყურადღებით გადაიტანოს საგანმანათლებლო პროგრამათა კოდები განაცხადში.

 2011 წელს აბიტურიენტი ირჩევს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება იყოს აკრედიტებული ან არააკრედიტებული.

 სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. ავტორიზებული სასწავლებლის არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულები სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

 სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 2010 წლის პირველ სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.

 ავტორიზებული სასწავლებლის კურსდამთავრებული, მიუხედავად იმისა, აკრედიტებულია თუ არასაგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს მიიღებს.

2011 წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია გაიარონ:

 ინტერნეტით;

 შეავსონ განაცხადი სკოლებსა და რესურსცენტრებში:

• დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებმა - სკოლებში;

• სხვა პირებმა - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, გარდა თბილისისა; თბილისში შემდეგ მისამართებზე:

– ვაკე-საბურთალო – 165-ე საჯარო სკოლა (ფალიაშვილის ქ. N57);

– მთაწმინდა-კრწანისი – 193-ე საჯარო სკოლა (ლაღიძის ქ. N7);

– ისანი-სამგორი – 89-ე საჯარო სკოლა (ქეთევან წამებულის ქ.N40);

– დიდუბე-ჩუღურეთი – 150-ე საჯარო სკოლა (დგებუაძის ქ. N8);

– გლდანი-ნაძალადევი – მე–9 საჯარო სკოლა (სააკაძის N29).

ინტერნეტით რეგისტრაცია

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და აგრეთვე მან უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური (გადახდის ფორმები აღწერილია ქვემოთ).

1. ინტერნეტით რეგისტრაციას აბიტურინეტი გადის ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge;

2. მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ აბიტურიენტი სპეციალურ ველში უთითებს 11 ნიშნა პირად ნომერს, რის შემდეგაც, სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, ქმნის მომხმარებლის სახელსა და პაროლს (ამ ინფორმაციას მიიღებს ელექტრონული ფოსტითაც, რომელსაც მიუთითებს შესაბამის ველში).

3. სისტემა, 11 ნიშნა ნომრის შეყვანის შემდეგ, თავად სვამს აბიტურიენტის სახელს, გვარს და მისამართს შესაბამის ველებში (თუ ასეთი პირადი ნომრის მქონე პიროვნება არ მოიძებნა რეესტრის ბაზაში, სისტემა აცნობებს აბიტურიენტს ამის შესახებ).

4. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა აბიტურიენტი ამის შესახებ მაშინვე შეიტყობს).

5. აბიტურიენტმა უნდა მონიშნოს შესაბამისი გამოცდები (იმდენი, რამდენი გამოცდის ჩაბარების საფასურიც აქვს გადახდილი).

6. გამოცდების მონიშვნის შემდეგ აბიტურიენტმა უნდა შეადგინოს რეიტინგული ჩამონათვალი.

რეიტინგული ჩამონათვალის შედგენისას აბიტურიენტი უთითებს მხოლოდ კოდს, უმაღლეს

სასწავლებელსა და პროგრამის დასახელებას კი სისტემა თავად ჩაწერს შესაბამის ველებში.

7. აუცილებელი ველების შევსების შემდეგ აბიტურიენტი მიიღებს შეტყობინებას, რომ მან წარმატებით გაიარა რეგისტრაცია (ამ შეტყობინებას მიიღებს ელ. ფოსტითაც).

8. აბიტურიენტს არ სჭირდება ფოტოსურათის გადაღება და ატვირთვა - პლასტიკური ბარათის დამზადებისას სისტემა სამოქალაქო რეესტრის ბაზაში არსებულ ფოტოს გამოიყენებს.

აბიტურინეტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე (მის მიერ შექმნილი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით). რესგიტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტი განაცხადს ვეღარ შეცვლის!

დამატებითი ინსტრუქციები განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

რეგისტრაცია სკოლებსა და რესურსცენტრებში

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რეგისტრაციას საკუთარ სკოლებში, სკოლადამთავრებულები კი რესურსცენტრებში (თბილისში – რესურსცენტრების მიერ განსაზღვრულ პუნქტებში) გაივლიან (რეგისტრაციის ეს ფორმა ეხება აბიტურიენტებს, რომლებმაც არ ან ვერ გაიარეს ინტერნეტით რეგისტრაცია).

გადახდის შესაძლო საშუალებები და ტარიფები:

1. საქართველოს ბანკის ფილიალებში - საკომისიო 0,5 ლარი;

2. ვებგვერდზე www.ipay.ge - საკომისიო 1 ლარი;

3. ,,აიფეის'' აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - საკომისიო 0,5 ლარი;

4. „საქართველოს ბანკის" ბანკომატების მეშვეობით - საკომისიო 0,5 ლარი;

5. „საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - საკომისიო 0,5 ლარი;

6. ინტერნეტბანკით - საკომისიო 1 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი. ერთი გამოცდის ჩაბარების საფასურია 10 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აბიტურიენტის შესაბამის მონაცემებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში აბიტურიენტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში, უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების მოთხოვნის განაცხადი.

გაითვალისწინეთ:

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გამოცხადებულ ვადებში უნდა გაიარონ. აბიტურიენტის ავადმყოფობის შემთხვევაში რეგისტრაციის ადგილზე შესაბამის საბუთებს წარადგენს და განაცხადს შეავსებს აბიტურიენტის მშობელი (ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი). თუ აბიტურიენტს შეუსრულდა 18 წელი, მშობელმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

2011 წელს შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ერთი და იმავე ან სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ, პროფესიულ ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. თქვენ უფლება გაქვთ მიუთითოთ 7 არჩევანი;

პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის!

აბიტურიენტმა, რომელსაც სურს განაცხადში პროფესიული პროგრამ(ებ)ის მითითება, განაცხადი უნდა გააკეთოს 25 მარტამდე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის წესების მიხედვით.

აბიტურიენტმა, რომელმაც ინტერნეტით გაიარა რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სურს განაცხადში პროფესიული პროგრამების მითითებაც, 25 მარტამდე უნდა დაამატოს პროფესიული პროგრამები განაცხადს.

აბიტურიენტმა, რომელმაც ხელით შეავსო განაცხადის ფორმა, ძველი განაცხადი უნდა გააუქმოს და შეცვალოს ახლით. აბიტურიენტს უფლება აქვს განმეორებით განაცხადში მიუთითოს ხელახალი საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი და მასში გაითვალისწინოს პროფესიული პროგრამები აკადემიურ და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად. მითითებულმა პროფესიულმა, აკადემიურმა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობამ 7–ს არ უნდა გადააჭარბოს.

პროფესიული პროგრამა არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და სრულდება IV ან V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და მისი დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. პროგრამა აერთიანებს კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელ სასწავლო კურსებს/მოდულებს.

პროფესიული განათლების IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;

პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.

პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგის საფუძველზე. საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტს შეუმოწმოს ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციები. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ პროგრამას სპეციალურ პირობებში მითითებული აქვს ასეთი მოთხოვნა, აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებას და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტმა უნდა მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას.
You are here